სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამირან გოგლიძის მეუღლეს, მარინა თევზაძეს, შვილებს, – ლევან და ანტონ გოგლიძეებს, მათი ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს, სამძიმარს უცხადებს.
“დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ამირანის გარდაცვალების გამო.
მან ხატმწერთა მთელი პლეადა დატოვა და დატოვა თავისი სტილიც, – სულიერებით, სითბოთი და სინათლით სავსე შემოქმედება.
ვიდრე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას დაიწყებდა, ჯერ საპატრიარქოში კედლის მოხატვა ვთხოვე; ეს შეთავაზება მან იმდენად კარგად შეასრულა, რომ გულდამშვიდებულმა მივანდე ის დიდი საქმეც. შედეგი ყველას წინაშეა; ყველას წინაშეა მის მიერ მოხატული არაერთი ეკლესია, მისი დაწერილი არაერთი ხატი და ყველგან იგრძნობა, როგორი სიყვარულით სავსე სულის იყო მათი შემქმნელი.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი ამირანის უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მას; ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.
ეკლესიის მხრიდან კი ბატონი ამირანის სახელი ყოველთვის მოხსენიებული იქნება წირვა-ლოცვაში,” – ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
2025 წლის 31 დეკემბერს აღიარებული ხელოვანი, სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ეკლესიების ხატმწერი, ამირან გოგლიძე გარდაიცვალა.
