მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს. პირველივე დღიდან, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ყელის ტკივილი, სახსრების და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან საქმის კურსში ჩააყენეთ ოჯახის ექიმი და მან გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ანტივირუსული პრეპარატის დაწყებას, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს.
„გრიპი გახლავთ ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს რისკის ჯგუფებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა. პირველი 48 საათის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა“,- აცხადებს ჩხაიძე.
