ამჟამად გრიპის ვირუსის 3 სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს. ყველაზე მეტი – 65% არის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი. თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. მომართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში ფილტვის ანთებაა- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი.
„რა სტატისტიკასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, აჩვენებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპი დომინანტურია – 65% არის გრიპი, კონკრეტულად A გრიპი და მისი ერთ-ერთი ფორმა H3N2 ტიპის ვირუსს, რომელიც ე.წ. ჰონგ-კონგის სახელით არის ცნობილი. ქვეყანაში ამჟამად გრიპის ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს: ყველაზე მეტი 65% H3N2 არის, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, მეორე H1N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპი, 1% არის „ბე“ გრიპი. სამივე ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი შედიოდა იმ ვაქცინაში, რომელიც ქვეყანაში იყო და 4 კომპონენტს შეიცავდა. ამ მხრივ სრული თანხვედრაა.
გასულ წელს გრიპის შემთხვევების ასეთი სიჭარბე თებერვალში დაფიქსირდა, ახლა გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი, ეს ადრეული გავრცელება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფიქსირდება. მიზეზი არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელმაც ივნისის თვეში განიცადა მუტაციები, რამაც მისცა შესაძლებლობა იოლად გადამდები ყოფილიყო.
გრიპი გახლავთ ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს რისკის ჯგუფებისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა. პირველი 48 საათის განმავლობაში აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა.
რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი ქვეყანაში ერთადერთი დეპარტამენტია, რომელიც მმართავს სასუნთქი გზების მწვავე დაავადების შემთხვევებს. მომართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში არის გრიპის ვირუსის გართულება ფილტვის ანთების სახით.
მინდა ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს. პირველივე დღიდან, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ყელის ტკივილი, სახსრების და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან საქმის კურსში ჩააყენეთ ოჯახის ექიმი და მან გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ანტივირუსული პრეპარატის დაწყებას“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
