მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა.
სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„უმაგრესი ადამიანი წავიდა და ამ დროს ფიქრობ, განა, რა არის ეს ცხოვრება? – არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერი. პატარა ვიყავი, რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე. როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები შევხვდებით იქ”, – წერს მელაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

დალი მეტრეველი არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე გახლდათ. იგი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა, მძიმე სენთან ბრძოლის გამო, საქმის გაძღოლა ვეღა შეძლო.
2000-2003 წლებში დალი მეტრეველი საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახლდათ.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
