საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კობახიძის მიერ დაანონსებულ „ფასების კონტროლს“ რეალური ეკონომიკური პოლიტიკის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის შეფასებით, გაძვირებული პროდუქტების თემის წინ წამოწევა საახალწლო პერიოდში მიზანმიმართული მანევრია, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და შიდა უკმაყოფილების ჩახშობას ემსახურება მაშინ, როცა პრობლემების მიზეზი ივანიშვილის ხელისუფლების მრავალწლიან არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციაშია.
“რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს, რომ ლილუაშვილი მათი კი არა, თურმე ოპოზიციის იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი!
ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებულ ქოცების და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა!
და რა უფრო საყურადღებოა ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! მაშ მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ეხლა უკვე დიდ და პატარა ბიზნესის მიმართ!
უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლოწლების ამ “არნახულ ეკონომიკურ აღმავლობის ჟამს”, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!!!!
და ამავე დროს აღმოაჩინეს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი, რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტის თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები როგორც სუპერმარკეტების ქსელები ყველა ქართულ ოცნების თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის!
პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი და კორუმპირებული უცხოინვესტორების ხელშეწყობაზე … “ ატკატების სანაცვლოდ”.
არა ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვისაც ფული “ უკან თუ არ მოიტანეს” დროზე, კობახიძე სუსს მიუქცევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება!
ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: “ ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს”!
არ მეგულება ქვეყანა( რუსეთის გარდა) , სადაც ფასების კონტროლის საკითხი და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუს-ს ებარებოდეს, არც ის გამიგია, პრემიერი რომ წყვეტდეს პარლამენტის დღის წესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნას (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ეს კიდევ გასარკვევია)!
მოკლედ აირია მონასტერი … როგორც ბუზი ჭიქაში ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ, და რა ბრალდებებით, უკვე აღარ იციან.
ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად, – წერს ზურაბიშვილი.
