უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფლორიდაში უკრაინული დელეგაციის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მათგან დისკუსიის დეტალების შესახებ ანგარიშს ელოდება.
“ფლორიდაში უკრაინის მოლაპარაკებების გუნდი მუშაობს. დღეს ამერიკულ დელეგაციასთან, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან კიდევ იქნება შეხვედრები. ომის დასრულების შესახებ დოკუმენტებზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს – ყოველ პუნქტს დეტალურად განიხილავენ და ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული ჩართულობაა. ეს მნიშვნელოვანია. ისინი ასევე ვადებს განიხილავენ – კონკრეტული გადაწყვეტილების შესაძლო დროით ჩარჩოებს. რუსტემ უმეროვისგან და ანდრიი ჰნატოვისგან დისკუსიის დეტალებზე ანგარიშს ველოდები.
უკრაინისთვის ისტორიულ კვირას ვასრულებთ – მნიშვნელოვან დიპლომატიურ კვირას. მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში €90 მილიარდი უზრუნველვყავით. ეს დეკემბრის საკვანძო შედეგია და მრავალი თვალსაზრისით მთლიანი წლის მნიშვნელოვანი შედეგია”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გასული სამი დღის განმავლობაში ფლორიდაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
