ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს, სადაც ნიკა მელია ფიგურირებს, ადვოკატი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ანუ, თუ გვაწყობს, ტვ-იმედის ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობა მოსულა?
კეთილი და პატიოსანი. რამე უბედურებას რომ გამოაგდებენ, შეთხზულ-აკინძულ-უკანონო-არაავთენტურს, იმედია, თანმიმდევრულები ვიქნებით და მაგასაც ვაღიარებთ ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად”, – წერს გვარამია “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.
5 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა მელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.
ტელეკომპანია ირწმუნება, რომ ვიდეო, “მოქალაქემ მიაწოდა” და ის ექს-პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.
„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა”, – ისმის ჩანაწერში.
ჩანაწერის მთავარ ობიექტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მელიას პოზიცია ჯერ არ შეუფასებია.
