აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული, სულ მცირე, 16 ფაილი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფოტოები, გაქრა – აღნიშნულის შესახებ “ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ფაილებს შორის იყო ტრამპის ფოტოები ეპშტეინთან, მელანია ტრამპთან და ეპშტეინის დიდი ხნის პარტნიორ გისლენ მაქსველთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკის ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ჯეფრი ეპშტეინის სასამართლოს ჩანაწერების საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვა მისცა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქმის მორიგი მასალები 19 დეკემბერს გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, ფაილები დაახლოებით 300 000 გვერდს შეადგენს და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორ გამოძიებას ეხება. ფაილებში 1200-ზე მეტი სახელია იდენტიფიცირებული, როგორც მსხვერპლი ან მათი ნათესავები. ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებში ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი პოპ-მომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი ფიგურირებენ. გამოქვეყნებულ ფაილებს შორის ათობით ფოტო ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
