საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმა განიხილეს იმუნიზაციის საბჭოზე. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა სამიზნე ჯგუფების პრიორიტეტიზაციაზე,COVID-19-ის ახალი შტამის – ომიკრონის მიმდინარეობასა და მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ იმსჯელეს.
საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის თანახმად, გეგმის სამიზნე ივლისის თვემდე საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრაა. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.
COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებასა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას.
გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობაც.
იმუნიზაციის საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულის სოციალურ ქსელში “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება:
“ფული, ბაბაია, ფული” (ციტატა “დათა თუთაშხიადან”)
მეზღაპრეები ბევრი მინახავს, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია… 3 წლის ბავშვიც არ დაგიჯერებთ…
ფაიზერის ვადასთან დაკავშირებით რა ხდება?! ხალხი გადარიეთ და ადეკვატურად ახსნა ვერ მოახერხეთ (ბოდიშზე ლაპარაკი ზედმეტია)…
ჩინური ბუსტერი თურმე მაგარია (ჩინელების გარდა არავის მიერ გადამოწმებულ კვლევაზეა საუბარი)
საინფორმაციო კამპანიამ ხომ საერთოდ “ააფეთქა” ინტერნეტი თქვენი “მესიჯებით”…
ნარკობარიგებს ვითომ ებრძვით (განარკომანდა მთელი ქვეყანა), ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ვერ დაალაგეთ, რომ ბავშვები ციხეში ტყუილად გამომწყვდეულნი არ იყვნენ და “რემდესივირის” (ჯანმო რომ არ აძლევს რეკომენდაციას) ბარიგამ ბიუჯეტიდან 400 000 დახარჯა…
ამ ბოლო დროს “ოცნების” პარტაქტივი შემომისიეთ თავისი ბოტებით, “სტატიები” და ასე შემდეგ … რა, ამით ჩემი ვითომ დისკრედიტაცია რამეს მოგცემთ?!
ქართული ანტივაქსერების სექტის გაძლიერებაში უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის დამნაშავე, თავისი უნიათო ქმედებებით, სრული არაპროფესიონალიზმითა და არაკომპეტენტურობით.
კორუფციაზე საერთოდ ხმას არ ვიღებ… ეს სხვების პრეროგატივაა …. ეს პირდაპირი შესყიდვები, ტესტების, წამლების და ასე შემდეგ …
თქვენ ჩაძირეთ ქვეყანა!
თქვენ დაუკარგეთ ადამიანებს “უსაფრთხოების და ნდობის” შეგრძნება!
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ დამოუკიდებელი აზრი (მეცნიერულ-აკადემიურზე ზედმეტია საუბარი) იქნას ჩაქოლილი ქვეყანაში.
შეკითხვაა მხოლოდ ერთი, რატომ აკეთებთ ამას?!
სამშობლოს სიყვარული ? – არა!
პატრიოტიზმი?! კარგით, რა…
ერთადერთი ლოგიკური პასუხია… თქვენ და თქვენს გუნდს გაწყობთ, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს გადატვირთული!
თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ ჰოსპიტლები იყოს სავსე “კლიენტებით”!
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო! ფული, ბაბაია, ფული!
მთელი ჯანდაცვის გუნდი არის შესაცვლელი სასწრაფოდ!
პოლიტიკოსებო, მე-100 ხარისხოვან საკითხებზე რომ მსჯელობთ, ვერ ხედავთ, ქეყანას რომ შიგნიდან ანგრევენ?!
ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკდებელი ჯანდაცვის სამინისტრო და დაკომპლექტდეს მხოლოდ პროფესიონალებით!
ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს აპოლიტიკური სამინისტრო!”, – წერს გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
