ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გაუგზავნა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის დაუპირისპირდება იმ ძალებს, რომლებიც გზაზე ეღობებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს.
მეცოლამ ეს განცხადება გააკეთა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ საგანგებო დებატებამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როდესაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიით დააჯილდოვეს. აღნიშნული გზავნილით ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროპულ საბჭოში მიდის, სადაც საქართველოს საკითხი ერთ-ერთ ცენტრალურ თემად განიხილება.
ევროპარლამენტარების დღის წესრიგის მთავარ საკითხად იქცა მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენება. BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ აქციების დაშლის დროს საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ნივთიერება კამიტე, რაც ბრიუსელში სერიოზული შეშფოთების მიზეზი გახდა.
სტრასბურგში გამართულ დისკუსიებში მკაცრი განცხადება გააკეთა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა, რომელმაც აღნიშნა, რომ
„რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპულ მომავალზე პრეტენზია“.
ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით, ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ისინი შოკში ჩააგდო და სწორედ ეს გახდა საგანგებო დებატების გამართვის მთავარი საფუძველი. სტრასბურგში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა დამახასიათებელია ლუკაშენკოს, ასადის და პუტინის რეჟიმებისთვის და მიუღებელია ევროპული ღირებულებების სივრცეში.
ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ვერ დარჩება პოლიტიკური რეაგირების გარეშე და ევროპული ინსტიტუტები გააგრძელებენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.
