“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა, პუბლიცისტმა მაია ორჯონიკიძემ “ჯორჯიან თაიმსი”-ს გადაცემაში “ჩაი” ნიკა მელია საბოტაჟსა და ღალატში დაადანაშაულა, მაგალითაც კი კონკრეტული ისტორია გაიხსენა:
“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, როდესაც ჩვენ მელია და ვაშაძე დაგვპირდნენ, რომ საქართველოში არ გაჩერდებოდა ეს საპროტესტო ტალღა, სანამ ხალხის მოპარულ ხმებს არ დავიბრუნებდით, ორად ორი აქცია ჩატარდა, ერთი, ფილარმონიაში, მეორე, პარლამენტის წინ, სადაც უკეთეს შემთხვევაში 5 000 კაცი იდგა. მახსოვს, მაშინ თაკო ჩარკვიანმა გამოიხედა, უი, რამდენი ვართო, მერე მაგაზე იცინოდნენ.
“იმედის” “ბედნიერი” დრონი დაფრინავდა, დაგვცინოდნენ. ამის შემდეგ, რამდენიმე თვე გავიდა, მე მიკავშირდება ერთი აქტივისტი ზუგდიდან, მეორე აქტივისტი გორიდან, ერთმანეთს არ იცნობენ, მიყვებიან ერთი და იგივე ისტორიას ( ეს არის მაგალითი, თორემ, სხვა რეგიონებშიც იგივე ხდებოდა), რომ ზუგდიდიდანაც და გორიდანაც სათაო ოფისში შეუთვალეს, ჩვენი ხარჯით მოვდივართო… ტრანსპორტის ფულსაც არ ითხოვდნენ, თუმცა, რომ მოეთხოვათ სწორი იქნებოდა, აბა, სად მიდის მაშინ პარტიის ფული ხომ?! – აბა, რისთვისაა ის მილიონია, თუ 2 მილიონი? – სახლში წასაღებად ხომ არ არის?! ეს აქტვისტები მიყვებიან, რომ პარტიის სათაო ოფისში შევუთვალეთ, ბევრნი ვართ, მოვდივართო. რაზეც სათაო ოფისიდან, მელიას სამფლობელოდან არის პასუხი – “საკმარისნი ვართ, არ გვჭირდება ხალხი” – მაშინ, მიჭირდა აღიარება, ვერ ვუშვებდი, რომ ამას საბოტაჟი ჰქვია, რაც რაიმე მოქმედების ხელოვნურად ჩაგდებაა, ამ შემთხვევაში სახალხო პროტესტის საბოტაჟი. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას. ვის გაურიგდა (ნიკა მელია) მე არ ვიცი, მაგრამ ეს რომ დიდი ღალატი და გარიგებაა ეს ვიცი, პირველად ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ საბოტაჟია ეს. ეს ამომრჩევლების, ქვეყნის ღალატი, მიხეილ სააკაშვილის ღალატია.
ნიკა მელია არ არის მარტო, ეს არის კოლექტიური ნიკა მელია. ვიცი, ახლა პოლიტსაბჭოში არის პატრიოტი ხალხი, მაგრამ უკვე ისე აქვს ფესვები გადგმული, ისეთი ანტურაჟია, ის ხალხი ვინც ამ ყველაფერს ხედავს, ხმა არ იღებს უბრალოდ”, – ამბობს მაია ორჯონიკიძე მაკა რაზმაძესთან საუბრისას.