“რუსთაველზე ვიქნები დღეს – რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც” – ამის შესახებ არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
არქიმანდრიტი წერს, რომ თუ ახლა დანებდება ხალხი და არ შეუერთდება პროტესტს აკრძალვცები კიდევ უფრო გამკაცრდება და ბოლოს შესაძლოა რუსეთის ქებაც მოითხოვონ.
“რუსთაველზე ვიქნები დღეს — რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც.
დღეს ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ, ხვალ — ფეისბუკზე ხელისუფლების კრიტიკას აგვიკრძალავენ, ზეგ გვაიძულებენ, რუსეთიც და რუსეთს დამონებული ხელისუფლებაც ვაქოთ…
ასე თუ გაგრძელდა, ბოლოს აღარაფერს მოგვთხოვენ — უბრალოდ აღარავინ დარჩება სიმართლის მთქმელი.
ღირსეულებს ჩასვამენ ციხეში, ან მოკლავენ. დანარჩენი კი ყველა იქნება – ერთი, ერთნაირი; პუტინის, ბიძინას, კობახიძის… ერთხმაში მაქებარი.
როგორ დაგვცინიან, როგორ დაგვიმონეს და როგორ შეირგო ბევრმა ეს მონობა — ერმაც და ბერმაც.
კობახიძე ჩვენი გმირების მკვლელთან — პუტინთან დგას. ამაზე დუმილი? ერის ღალატია…
ვისაც საქართველო უყვარს – დღეს რუსთაველზე” – წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
