“მახსოვს ყველა „ქოცის“, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში”,- „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
ხოშტარია განმარტავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, „გარდა 20 ივნისისა, არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე“.
“სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა. მახსოვს ყველა “ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, “გაპრავება”, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.
20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საიას და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.
გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
12/12/2025″- ელენე ხოშტარია.
