ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მამის გარდაცვალების უმძიმეს წუთებს იხსენებს – წერს, ალბათ როგორ უჭირდა პროევროპულ აქციაზე დაკავებული იუმორისტის მშობელს სიცოცხლის ბოლო წუთები და როგორ არ იყვნენ მის გვერდით მისი ვაჟები, რომელთაგან ერთი განსასჯელის სკამზე იჯდა, მეორე კი დარბაზში სინდისის პატიმარ ძმას გულშემატკივრობდა.
“მე რომ ჩემი ძმის სასამართლოზე ვიჯექი და დარბაზის გადაღმა ვუყურებდი ონისეს, მამაჩემმა მანქანა მიაყენა სოფელში, ჭიშკრის წინ, გადმოვიდა, პურის გადმოსაღებად მივიდა მანქანის უკანა კართან და დაეცა.
იწვა მამაჩემი 26 რიცხვში, ივნისის ჯოჯოხეთურ მზეში, ჭიშკრის წინ, მანქანასთან, 4 საათი.
იწვა ინსულტით. ინსულტს ვერ გადარჩენილი და სანამ მისი ცნობიერი გაითიშებოდა იქნებ ფიქრობდა ჩემზე, სანდრო ექიმია და აქ რო იყოს მიშველიდაო.
ან ონოზე ფიქრობდა ბოლო წამს.
იწვა მამაჩემი 4 საათი ივნისის მზეში, სახით მიწაზე და არავის უნახავს.
და მე ჩემი უწყინარი ძმის სასამართლოზე ვიჯექი. და არაფერი შემეძლო. ჩემი ძმისთვის თქმაც არ შემეძლო.
თუ ომია, ომი იყოს” – წერს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში.
