“არ გვეშინია” – “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიუხედავად მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი “ოცნების” არალეგიტიმურ კანონებს არ აღიარებენ და არც შესაძლო დაკავების ეშინიათ.
არ გვეშინია არც დაკავების და საერთოდ არაფრის. ერთადერთი შიში რაც გვაქვს არის ჩვენი სამშობლოს დაკარგვის შიში. ჩვენ ჩვენ სამშობლოს არასდროს არ მივატოვებთ და მიუხედავად იმისა, ამ არალეგიტიმურმა მთავრობამ 20 დღით დამიჭიროს, 15 დღით დამიჭიროს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. 15-20 დღის მერე ხომ გამოვალ, უკეთეს ადგილას სად დავდგები, ვიდგები აქ,” – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო.
ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.
