„პირველებმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ პოლიციელები ძირს დაგდებული შშმ პირის დაკავებას. მამაკაცი წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა სამართალდამცველები ძალას მაინც იყენებენ. რამდენიმე წამიანი ფიზიკური ზემოქმედების შემდეგ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი გონებას კარგავს.
უმძიმესი ჩანაწერი გადაიღო თავად დაზარალებულის ოჯახის წევრმა, რომელიც მოგვიანებით პოლიციელების ძალადობის მსხვერპლიც გახდა. ახალგაზრდა კაცი „პირველებთან“ ყვება, რომ პოლიციელებმა იგი ძალის გამოყენებით დააკავეს, შემდეგ კი შკოდას მარკის ავტომობილით ტყეში გაიყვანეს, სადაც, მისივე მტკიცებით, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად თავად დაზარალებულის ფოტოები სახელდება, სადაც აშკარად ჩანს ფიზიკური ძალადობის კვალი.
მამაკაცი დეტალურად აღწერს, როგორ სცადეს პოლიციელებმა მისი დაშინება და როგორ გადაამეტეს ძალა დაკავებისას. მისი თქმით, ძალადობაში ჩართული ერთ-ერთი სამართალდამცველი ვახო აბაშვილია – სწორედ ის, ვინც დაკავებისას და შემდგომ ტყეში ფიზიკურად გაუსწორდა.
