გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეერთებული შტატებისგან „ბევრად უფრო დამოუკიდებელი“ უნდა გახდეს.
მისივე თქმით, ეწინააღმდეგება მოსაზრებას, თითქოს ევროპული დემოკრატია საჭიროებს გადარჩენას.
„დოკუმენტის ზოგიერთი ნაწილი გასაგებია, მაგრამ მისი ნაწილი, ევროპული თვალსაზრისით, ჩვენთვის მიუღებელია. ახალი დოკუმენტი ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ ევროპაში და ასევე, გერმანიაში, უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან უფრო მეტად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ახლა ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს დოკუმენტირებულია. ამერიკელებს ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა სურთ, რის საჭიროებასაც მე ვერ ვხედავ. მისი გადარჩენა რომ იყოს საჭირო, ჩვენ ამას მარტოც მოვახერხებდით“, – აცხადებს ფრიდრიხ მერცი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია 5 დეკემბერს გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ევროპის მიმართ კრიტიკას, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების ცენზურის გამო. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად, მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს NATO-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა“.
