თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა.
ამით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა, მათ შორის, დაასახელა ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი კვლავ აგრძელებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.
ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა დაცვის მხარე. ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად არ გადასცემოდა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ქრთამის შეთავაზების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და დაპირება, რაც მან გასცა, გულისხმობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაღებას.
მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით კი, ზოდელავას მხრიდან სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში ხელშეშლას არანაირად არ ჰქონია ადგილი და ფაქტი, რასაც მას ედავებიან, პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. ბასილაიამაც მოითხოვა შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მურთაზ ზოდელავას მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის არ არსებობის გამო.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
