საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას, თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით, ისე სხვადასხვა ალიანსებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია, ნატო-ს წინაშე ვაყენებთ. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატო-ს მოედანზე. დიდი ხანია, ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა – „რას ნიშნავს ღია კარი“. ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთნ დაკავშირებით, ამავე დროს, განცხადებებს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ვერ ვხედავთ ამ ქმედებებს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი სამ წელზე მეტია, საკუთარი უფლებისთვის იბრძვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ, რომ უთხრან ან კი, ან – არა.
„უკრაინელებმა ხომ უნდა გაიგონ, რისთვის დაღვარეს სისხლი. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო პასუხები. საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ვიყავით ომში, ნატო-ს ომებში მივიღეთ მონაწილეობა, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ომებს ემალებოდნენ. ნატო-ს 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით იქნება ეს კორუფციის სიმცირე, კანონის უზენაესობა, თუ სხვა მსგავსი ინდიკატორები. დიდი ხანია, ბურთი არის ნატო-ს მოედანზე, გასცენ პასუხი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელ ხალხს“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა .
