ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეიწყალებს დემოკრატ კონგრესმენს, ჰენრი კუეიარსა და მის ცოლს, რომლებსაც 2024 წელს, მათ შორის, ქრთამის აღების საქმეში ბრალი წარუდგინეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში ტრამპი ირწმუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ “კონგრესმენისა და კონგრესმენის შესანიშნავი ცოლის, იმელდას, დევნაც კი დაიწყო” რადგან, მისი თქმით, კუეიარი “მამაცურად” შეეწინააღმდეგა “ღია საზღვრებსა” და ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას.
ცნობისთვის, კონგრესმენი კუეიარი, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს, ზომიერ დემოკრატად ითვლება და ხშირად წარმომადგენელთა პალატაში თანაპარტიელების საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ კუეიარმა და მისმა ცოლმა, იმელდა კუეიარმა, დაახლოებით $600 000-ის ოდენობის ქრთამის მიღება დაიწყეს აზერბაიჯანის მთავრობის მფლობელობაში არსებული ნავთობკომპანიისგან და ასევე ბანკისგან, რომლის სათავო ოფისიც მეხიკოში მდებარეობს.
საბრალდებო ოქმის მიხედვით, კუეიარს, სავარაუდოდ, გავლენა ჰქონდა რიგ კანონპროექტებზე, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხებოდა. პროკურორების მიხედვით, კანონპროექტის ტექსტსა და კომიტეტების ანგარიშებში დემოკრატ კონგრესმენს აზერბაიჯანისთვის სასურველი ცვლილებები შეჰქონდა.
კუეიარი და მისი ცოლი ბრალდებებს არ აღიარებდნენ, ხოლო მათი სასამართლო მომდევნო წლის აპრილში იგეგმებოდა.
თავის მხრივ, კუეიარმა ტრამპს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ მან წინასწარ არ იცოდა.
