რა განსხვავებაა საპოლიციო გაზსა და იმ გაზს შორის, რომელიც აქციებზე გამოიყენეს – ექიმი ლევან ფერაძე ამბობს, რომ ის კადრებიც კი საკმარისია, რაც ეთერში გავიდა, იმისთვის, რომ დადგინდეს ევროპული კონვენციის დადგენა და “ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგაში მოხვდნენ“.
ფერაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განმარტა, როგორ უნდა მოხდეს გაზის გამოყენება, რადგან მისი თქმით, ამისთვისაც სპეციალური პროტოკოლი არსებობს.
საპოლიციო გაზად არჩევენ ისეთ გაზს, რომელსაც აქვს მყისიერი და ხანმოკლე მოქმედება, არ იწვევს ხანგრძლივ დაზიანებას და იწვევს დროებით უნარშეზღუდულობას, იმასაც აქვს თავისი პროტოკოლი, იმის გამოყენებასაც. ანუ ის არ შეიძლება 1-3 მეტრიდან ახლოს მიასხა, ასევე ქვედა ყბის ზემოთ, 1-3 წამია დაჭერის ექსპოზიცია. კადრებში კი ვხედავთ, რომ 20-25 წამი პირდაპირ სახეში ასხამენ. გარდა ამისა, დახურულ სივრცეში, კარგად ჩანდა, რომ მიკროავტობუსებში შეასხამდნენ, ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც კი ევროპული კონვენციით გათანაბრებულია ადამიანის წამებასთან და უფლებების დარღვევასთან.ესეც კი საკმარისია, რომ ამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგაში მოხვდნენ, – განაცხადა ფერაძემ.
მან ასევე საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა ყველა ის ნივთი, ეს იქნება ტანსაცმელი, დროშა თუ სხვა რამ, შეინახონ ვაკუუმ პაკეტში, რათა მოხდეს დადგენა, იყო თუ არა წყლის ჭავლში გარეული ქიმიური ნივთიერება „კამიტი“.
ეს არის არახსნადი მარილი, ილექება ქსოვილზე და ნებისმიერი ნორმალური ლაბორატორია დაადგენს, რა ნივთიერებაა, – თქვა მან.
