“იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს თავად შეიტანენ, მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მომწამვლელი ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ, რაც ნამდვილად გაუჭირდებათ. არსებობს მრავალი მოწმე, რომლებიც მოწამლეს”- ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან” BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„BBC წარმოადგენს მეტად გავლენიან მედიასაშუალებას და აქედან გამომდინარე, მის ჟურნალისტურ გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მასზე აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება.
ჩემი აზრით, საქართველოს სამართალდამცველები შესაბამის გამოძიებას ბოლომდე არ აწარმოებენ. მეტად მნიშვნელოვანია ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული მასალების გამოძიება. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 1925 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მიღებული იყო ჟენევის პროტოკოლი, რომელიც კრძალავდა ქიმიური იარაღის გამოყენებას და გავრცელებას. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ დანაშაულის სიმძიმეს. ის, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ნიშნავს, რომ არ სურთ სიმართლის დადგენა.
იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს თავად შეიტანენ, მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მომწამვლელი ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ, რაც ნამდვილად გაუჭირდებათ. არსებობს მრავალი მოწმე, რომლებიც მოწამლეს. მე პირადად, ერთი საათის განმავლობაში მეწვოდა მთელი სახე მას შემდეგ, რაც მომწამვლელი აირი შევისუნთქე. როგორც ვხედავთ, ბევრს ჩემზე მეტად გაურთულდა მდგომარეობა”- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“
