4 დაღუპული და ერთი დაშავებული – სოფელ წკერეში მიწის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულები არიან თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. კადრები სწორედ იმ ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა. სავარაუდოდ, ამ შენობასთან საყრდენ კედელს მუშები ამაგრებდნენ, რკინამ მიწის მასას ვერ გაუძლო და მოწყდა, რომლის ქვეშაც 5 ადამიანი მოყვა.
ადგილობრივები ქაოტურ, უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ – ყვებიან, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს მშენებლობას და ზარალდებიან ადგილობრივები. გვიყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მშენებლობაზე ადამიანები დაშავდნენ.
ქვეშეთი-კობის გზას, სადაც მიწის ჩამოშლას 4 მუშა ემსხვერპლა, ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს, ზედამხედველი კი თურქული კომპანიაა. გზების დეპარტამენტი ირწმუნება, რომ ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს ჩინეთის “რკინიგზის გვირაბების ჯგუფის კომპანია” ახორციელებს – სწორედ ამ კომპანიამ ააშენა 9 კმ-იანი გვირაბი. თუმცა, დილის საათებში დაგვიდასტურეს რომ მშენებელი “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” იყო.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი კი, რომელსაც გზის მშენებლობა ევალება, მსოფლიო ბანკის მიერ არის სანქცირებული – მას და მასთან ერთად კიდევ ორ კომპანიას თაღლითობას ედავებოდნენ – მსოფლიო ბანკი ამტკიცებდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ შვილობილ ორ კომპანიასთან ერთად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა პერსონალზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე – ამის გამო კი მათ 9-თვიანი სანქცია დაუწესეს და ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალეს.
