ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
“გასაგებად რომ ავხსნათ
იმუნოლოგია მედიცინის ერთ-ერთი რთული დარგია (ან რომელია იოლი?!) – ჩვენში არსებული მიკროსამყაროს ურთიერთობა შიდა და გარე მიკროსამყაროსთან, თავისი წესებითა და კანონებით. ამავე დროს, დიდია სურვილი არასამედიცინო წრეებშიც, ამ კანონების გაგების. არის უამრავი კითხვა, განსაკუთრებით ხშირად მეკითხებიან – “აცრა რატომ არ იწვევს დაავადების სრულ არიდებას?” – ბოლო დროს, ჩემი ერთი ცნობილი მეგობრის მაგალითიც მოჰყავთ – “გადატანილი, აცრილი, მაინც დაემართა.”
მოდით, პროცესის მოდელირება მოვახდინოთ ჩვენთვის ნაცნობ მაკროსამყაროში, ჩვენი გონებისთვის მისაღები ლოგიკური მიმდინარეობით:
ვთქვათ 4-5 საუკუნის წინ ვართ, ვცხოვრობთ ჩვენთვის, მშვიდად, ვშრომობთ, მეზობლად მყოფ ტრადიციულ მტრებს ვიგერიებთ და ვართ ასე. უცებ, საიდანღაც საზღვარს მოადგა მომთაბარე აგრესიულ ველურთა ურდოები – საიდან გაჩნდნენ და როდის გამრავლდნენ ასე, არ ვიცით (ისევე, როგორც მართლა ხდებოდა ძველ დროს). ქვეყანა (ანუ ჩვენი ორგანიზმი) მოუმზადებელი აღვმოჩნდით ამ უცხო მტერთან საომრად და დაიწყო პანდემია. ბრძოლების დროს, ხელში ჩავიგდეთ მტრის (ვირუსის) ჯარისკაცები, შევისწავლეთ მათი უნარები, შევყარეთ ახალი ჯარი, რომელიც ზუსტად ამ მტრის წინააღმდეგაა გაწვრთნილი და დავაყენეთ საზღვარზე. ჯარის დაყენების შემდეგ მომთაბარეთა ურდოები შეჩერდნენ, ვერ გადმოდიან საზღვარს…. შემდეგ, ეს მომხდური ურდო ნელ-ნელა განვითარდა ჩვენთან ურთიერთობით, განათლდა ჩვენი ცხოვრების წესით, ახლებურად, ჩვენს მსგავსად ჩაიცვა. ამიტომაც, სასაზღვრო ჯარს ცოტა აერია თავისიანებში, მტრად ვერ შეიცნო და რაღაც ჯგუფებმა შეღწევა მოახერხეს, რადგან აგრესიული ბუნება მათი ცხოვრების წესია (სხვაგვარად ვერც იარსებებენ), შემოვიდნენ თუ არა ქვეყნის ტერიტორიაზე, დაიწყეს პროვოკაციები, ბრძოლა! თუ ქვეყანას (ანუ, ვგულისხმობთ ორგანიზმს) გამართული, გაწვრთნილი ჯარი ჰყავს, მტერი როგორც კი გამოავლენს თავს, პროვოკაციები ძირშივე აღიკვეთება და მცირე ინციდენტის სახე ექნება (დაავადებაზე პროექცირებით- ყელის ოდნავ ფხაჭნა, 1-2-დღე კუნთებში მტვრევის შეგრძნება და მცირედ აწეული ტემპერატურა). მომხდური მტერი მაშინ იმძლავრებს, თუ ქვეყანაში ამ დროს სამოქალაქო ომები, შიდა ბრძოლები, ან გაუმართავი ინფრასტრუქტურაა (განსაკუთრებით სიმსივნეების დროსაა იმუნური სისტემა დათრგუნვილი, მძიმე ფონია გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში). არის იშვიათად კიდევ ერთი მდგომარეობა: წვრთნი ჯარისკაცებს, აინვესტირებ ამუნიციას, მაგრამ ჯარს ვერ ქმნი – ან იარაღის ქარხანაა გაჩერებული, ან მუზარადების ქარხანა გაფიცული (ორგანიზმზე პროეცირებით – სხვადასხვა მიზეზების გამო, აცრის ან დაავადების გადატანის შემთხვევაშიც კი, ანტისხეულების გამომუშავება ვერ ხდება, ან მცირე რაოდენობით მუშავდება)…
…შეიძლება გამომრჩა რაიმე მდგომარეობა, მაგრამ ვეცადე ძალიან მოკლედ და გასაგებ ფორმაში ამეხსნა. ამის შემდეგ მულტიპიკაციაა და სხვათაშორის, არ იქნებოდა ურიგო…”, – წერს გადელია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.