მაშველებმა საქართველოში, თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილას მე-19 ცხედარი იპოვეს.
აღმოჩენილია შავი ყუთიც. როგორც თურქული ტელევიზია NTV წერს, შავი ყუთი გასაშიფრად თურქეთში გაიგზავნება. მათივე ცნობით, საქართველოს სამაშველო და საპოლიციო ძალებთან ერთად, ადგილზე ორმოცამდე თურქი ექსპერტი მუშაობს.
შეგახსენებთ, C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე 11 ნოემბერს ჩამოვარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დრომდე მიმდინარეობს ბორტზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანის ძებნა.
