“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი გიორგი მურუსიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი გაგი ჩოხელი “მეტრონომთან” საუბრობს. ჩოხელი არ ადასტურებს მურუსიძის ქვეყნიდან გამგზავრებას, და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, თითოეული დაზარალებული შეძლებისდაგვარად ფინანსურად დაკმაყოფილოს.
გაგა ჩოხელის განმარტებით, ის სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
“გიორგი მურუსიძე ბრალს არ აღიარებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის ჯერ სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ისიც არ იცის კონკრეტულად რაში ედება ბრალი, აქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია. მაგრამ, მოწადინებულია დააკამყოფილოს ე.წ დაზარალებულების ინტერესები. ბრალდების მხარე სავარაუდოდ ხვალ მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას” – გვითხრა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი დააკავეს. ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნაა გამოცხადებული.
