პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, „კრისტალ ჯგუფი“-ს მფლობელის, ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურტურა ავრცელებს.
“ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.
მიღებული დიდი ოდენობით თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – ნათქვამია ინფორმაციაში.
