საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 319-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
