ყაზახეთში განვითარებული მოვლენებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“საოცარია… თუ პოლიტიკური ძალა დგას ყაზახეთის ამბების უკან, რატომ წვავენ დაკავებულ შენობებს??? არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას? ან რას აპირებენ? საკუთარ ქვეყანას მომხდურ მტერივით რომ ექცევიან. თანაც, თითქოს ღია სამოქალაქო ომიც არ უნდა იყოს. ან არის და არ ვიცი (თუმცა, ვეცნობი უცხოეთის ნიუსებს ამ საკითხზე). ასე მცირე დროში და ასე საშინლად მგონი ჩვენც არ მოვქცევივართ ქალაქს 91-ში”, – წერს გადელია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი.
სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. მისი თქმით, მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.
როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
რაც შეეხება სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან მსხვერპლს, დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 თანამშრომელი.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.