„როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს, ” ასე გამოეხმაურა გია ვოლსკი, 71 წლის დევნილი ქალის დაკავების ფაქტს.
„მგონი, ქალბატონ აზას არც იმის საფუძველი აქვს, რომ ქუჩა გადაკეტოს, მითუმეტეს თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს და მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს…
იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დევნილი ქალი გუშინ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
