რა დაუჯდა ბიუჯეტს მასწავლებლის დღის აღნიშვნა? – შესყიდვების ხელშეკრულების მიხედვით, 10 პედაგოგისთვის ჯამში ასი ათასი ლარი გაიცა, საზეიმო საათნახევრიან ღონისძიებაზე კი 628 ათასი ლარი დაიხარჯა. სოლიდური ჰონორარებია გაცემული “ოცნების” მხარდამჭერ მომღერლებზეც. ფურშეტზე 60 ათასი იყო გაწერილი, ხოლო რეჟისორს მხოლოდ ერთი საღამოსთვის 20 ათასი ლარი გადაუხადეს.
ღონისძიების ორგანიზება კომპანია “თიხარტს” ჩააბარეს, რომელსაც განათლების სამინისტრომ კონკურსის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება. “პირველები” დღეს “თიხარტის” ხელმძღვანელს ნინო ზუზუ ნოდიას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ მიიღო განათლების სამინისტროსგან გამარტივებული შესყიდვა, თუმცა ნოდიამ “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვებს რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერით უპასუხა და ჩვეს ჟურნალისტს ტელეფონში “მილიონ ვარდზე” უმღერა.
განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს დღეს “პირველებმა” ჰკითხა, თუ რა პრინციპით შეარჩია ნინო ნოდიას კომპანია და ხომ არ გაუწია “თიხარტის” ხელმძღვანელს რეკომენდაცია კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ, რომელიც ამავე კომპანიაში წლების განმავლობაში იყო დასაქმებული.
საერთოდ რა შუაშია კულტურის მინისტრი? ბევრ ადგილას ვმუშაობდი მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც. მთავარი არის, რომ კომპანიამ წარმოადგინოს ერთიანი განაცხადი, შემდგომში ეს არის კომპანიის მიერ ჩაშლილი ბიუჯეტი. ჩვენ დეტალებში არ ჩავდივართ. (ხარჯთაღრიცხვა) ჩვენი კომპეტენცია არ არის.
ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რომლითაც სამი კომპანია იქნა შერჩეული, როგორც მახსოვს ერთ-ერთმა უარი თქვა, ხოლო თავისი გამოცდილებით და კონკრეტული ხალხის ოდენობით, რომელიც ამ კომპანიამ წარმოადგინა, რომელზე თქვენ მეკითხებით, მემგონი მთელი საზოგადოება დარწმუნდა, რაოდენ მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა 27 ოქტომბერს”, – განაცხადა მიქანაძემ.
