სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა მუნის შემთვევა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ ფაქტს უარყოფს და მედიებს მოუწოდებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისაგან თავი შეიკავონ.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა. მედიას ეს ინფორმაცია ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა მიაწოდა.
