„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვის მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა:
“ახალი წელი მოდის, ხალხს რამე უნდა უთხარაო – მითხრეს.
მოგილოცავთ და გეტყვით რას გისურვებთ, ჯამში ერს, ან უმრავლესობას, და თავად მიხვდებით ვისაც მივმართავ…
იმის გააზრებას გისურვებთ, რომ ასე თუ გააგრძელებთ, საბოლოო ჯამში, ცუდად დავასრულებთ, გავქრებით, ვერ გადავრჩებით.
იმის გააზრებას გისურვებთ, რომ არავისზე მეტი ხართ, არცერთ ერზე, არცერთ სხვა რელიგიის მიმდევარზე, არცერთ სხვა კულტურის წარმომადგენელზე.
ამავე დროს იმის გააზრებასაც გისურვებთ, რომ არავისზე ნაკლები არ ხართ, არანაირი რამე გენეტიკური დეფექტი არ გაქვთ, რის გამოც, სხვა ერი თქვენზე უკეთესია და ამის გამო უფრო განვითარებულია. ეს სულელური წარმოდგენაც უნდა ამოშალოთ ტვინებიდან.
2022-ში ნაკლები დროის გატარებას გისურვებთ სუფრასთან, ნაკლებ ყალბ სადღეგრძელოებს სამშობლოზე, წინაპრებზე და რწმენაზე და მეტ ფიქრს იმაზე, რისი გჯერათ მართლა. მართლა გინდათ თქვენმა შვილმაც ეგეთ სიყალბეში იცხოვროს და იმაზე ხარჯოს საკუთარი წლები, რაზეც თქვენ ხარჯავთ? თუ მათთვის არ გინდათ იგივე, თქვენ რატომ იხარჯებით ასე?
მეტ სექსს გისურვებთ, ბევრ სექსს, მრავალფეროვან სექსს, ცოტა გაგხსნით სახსრებში, ხასიათზე მოგიყვანთ და იმასაც მიგახვედრებთ, რომ თქვენი საქმე არაა ვის ვისთან და როგორი სექსი ექნება. იქნებ, ისიც მიგახვედროთ რომ, ღმერთი უკიდეგანოდ პრიმიტიული არსება უნდა იყოს, რომ მართლა იმის მიხედვით არჩევდეს ვინ გაუშვას სამოთხეში და ვინ – ჯოჯხეთში, ვის ვისთან და რა ფორმის სექსი აქვს.
გისურვებთ ადამიანის სიყვარულს, განურჩევლად წარმომავლობის, სქესისა, ვისთან აქვს და რა ტიპის სექსი, კანის ფერისა, სიმაღლისა, ფეხის ზომისა, წონისა, რწმენისა. იმის გააზრებას გისურვებთ, რომ ესაა ქრისტიანობა… მეტი არაფერი…
ახლა რისიც გჯერათ, რომ ჰეტეროსექსუალი, ეთნიკურად ქართველი მამრია სამყაროს ცენტრი, იმიტომ რომ მოძღვარმა ასე გასწავლათ, აი, ეგ რომ *ირობაა, თან უკიდეგანო, ამის გააზრებას გისურვებთ.
შვილების სიყვარულს გისურვებთ ასევე, ოღონდ მართლა სიყვარულს, რომელიც უფრო დიდი იქნება ვიდრე ალკოჰოლის სიყვარული, სიზარმაცე, საზოგადოებრივი აზრის შიში, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის შიში. შვილების ისეთ სიყვარულს, რომელიც მართლა დაგაფიქრებთ რა არის მათთვის უკეთესი და ყველაფერს გაგაკეთებინებთ, რომ მათ მაინც დაუტოვოთ ცხოვრება ნაკლები პრობლემებით.
კიდევ უფრო რთულ რამესაც გისურვებთ, იმის გააზრებასაც, რომ თქვენი შვილების კეთილდღეობის გზაზე მთავარი ბარიერი საქართველოს საპატრიარქოა, რუსული გრუ-ს რეზიდენტურა, შეფუთული რელიგიურ სამყაროში, რომელმაც თქვენ გამოგირეცხათ ტვინი და დაგაჯერათ, რომ ის არის კეთილდღეობაზე მზრუნველი მთავარი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ჩვეულებრივი დიდი ღუზააა, რომელიც მუდამ ქვემოთ ექაჩება ამ ქვეყანას, საფუძველშივე კლავს განვითარების ნებისმიერ შანსს.
რწმენას გისურვებთ, ნამდვილ რწმენას და არა მოძღვრის, ეკლესიის, ხატების, პატრიარქის ფანატიკურ სიყვარულს. რწმენას, რომ ადამიანი არის სამყაროს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი არსება, განურჩევლად იმისა, სად დაიბადა, სად გაიზარა, რისი სჯერა, რა ზომის ფეხი აქვს, რწმენას რომ არ მოსულა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების ხელყოფა, რომ არ მოსულა მკვლელობა, ქურდობა, მონობა – არცერთ ადამიანთან მიმართებაში. რწმენა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი მორალი და ამ მორალით უნდა იცხოვრო, თორემ, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს აქ და ახლა და არა სიკვდილის შემდეგ. რწმენას, რომ მეტი შეგიძლიათ, თუ მოინდომებთ, თუ გაიაზრებთ, თუ მართლა ამ მორალით დაიწყებთ ცხოვრებას.
ამას თუ და როცა შეძლებთ, მერე იქნება ხვავი და ბარაქა, რასაც ტრადიციულად გისურვებენ ხოლმე, ან თქვენ უსურვებთ ხოლმე სხვებს ახალ წლებზე. მანამდე არ იქნება, მანამდე არაფერი არ იქნება…
და ამის გააზრებასაც გისურვებთ, რომ ხვავი, ბარაქა და ცხოვრება შედარებით ნაკლები პრობლემებით, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად ნაკლებად უტვინო, ფარისველი, ზარმაცი, ქსენოფობი, ჰომოფობო, მატყუარა, ამორალური და ჯამში საბჭოთა ადამიანი იქნებით.
პირველ რიგში, თქვენ შვილებს და ჩვენ შვილებს ვუსურვებ ამ ყველაფერს. თქვენ რომ შეიცვალოთ და მათ მიეცეთ მერე ნორმალურ ქვეყანაში ცხოვების შანსი. ამერიკაში გაქცევას კი არა, აქ, აქ, ჩვენს ამერიკაში ცხოვრებას ვუსურვებ ჩემს და თქვენს შვილებს, ქართულ ამერიკაში.
20 წლის წინაც იგივეს ვუსურვებდი და 30 წლის წინაც, თუმცა, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს ყველაფერი, როცა არჩევანია გასაკეთებელი, ავტორიტარულ, ღარიბ, რუსულ სამყაროსა და თავისუფალ, მდიდარ, თუმცა, ნაკლვანებებით სავსე დასავლეთს შორის.
გილოცავთ…” – ამბობს საახალწლო ვიდეომიმართაში ზურაბ ჯაფარიძე.