“თბილისში 2 კგ ბირთვული მასალის, ურანის, შეძენისას დავაკავეთ 3 ჩინეთის მოქალაქე” – ამის შესახებ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება.
ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად, მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.
გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ სუს-ში.
