გია ვოლსკი გუშინ, ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის ჩხრეკის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ ყოფილ თანაგუნდელების გარშემო დატრიალებული ამბავი მისთვისაც და სხვა გუნდის წევრებისთვისაც სამწუხარო ამბავია.
„მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. საქართველოში პიროვნული ურთიერთობები განსაკუთრებით დაფასებულია და სერიოზულ კვალს ტოვებს. რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვთანხმდებოდით. არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე – ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავეთა შორის.
თუმცა, ამ ბრძოლის დროს თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და თითოეულ ჩვენგანს და ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება.
არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია: გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს გამოძიება, ერთი მხრივ, იმ პრინციპისა და პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამ პრინციპს დღესაც მყარად იცავს. თუმცა, მეორე მხრივ, არის ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი გუნდის ლიდერისთვის, პიროვნულად და ემოციურად ძალიან მძიმე განცდა“ – გია ვოლსკი.