სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 8 პირიდან, არც ერთი, მათ შორის, არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და არც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაკავებული არ არიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, არც ერთი მათგანი ამ წუთებში გამოკითხვაზე არ იმყოფება.
„ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული”,- აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.
გვარაკისძის თქმითვე, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.