17 ოქტომბერს დაკავებული აქციების მონაწილის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.
“დაიწყეს სახლის ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავის ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი, როგორც თვითონ განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა. […]
როგორც თვითონ მარიამს განუმარტეს დაკავებისას, ეს არის 226-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, ეს არის სრულიად სრულიად სხვა მუხლი, რაც განსხვავდება უკვე დაკავებული პირებისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წაყენებული მუხლებისგან. […]
4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე კუთხით მონაწილეობა არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. […]
აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაზუმებული ქურთუკი, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი სახლში. ბუნებრივია მან ამოიცნო ქურთუკი თვითონ რაც ეცვა”. – ამბობს მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანა ბერია.