თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში კონფერენციის მონაწილეებისადმი გაგზავნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა: პირველ რიგში, რეგიონული მედიასაშუალებები, რომლებიც ყველაზე მარტივად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, რადგან ყველაზე პატარები და რესურსების გარეშე არიან, შემდეგ უკვე, ძირითადი ოპოზიციური, ან უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი არხები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის სამიზნეები გახდნენ.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დამოკიდებული ვართ თავისუფალ ინფორმაციაზე, რათა განვაგრძოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 316 დღეა მშვიდობიანი პროტესტის სახით მიმდინარეობს და რომელიც ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება თავისუფალი მედია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა — თავის ევროპულ გზაზე” – განაცხადა ზურაბიშვილმა.