ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა – უძილაური, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლო სხდომაზე დღეს პირველად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა “პირად წყენას უკავშირდება“.
“2022 წელს მე ვიყავი უკრაინაში. იქ ვიყავი ფიზ. მომზადების ინსტრუქტორის პოზიციაზე. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია. იქ დავძმაკაცდი სერგეი ბონდარენკოსთან. ძმაკაცები ვიყავით. სერგეის ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა. ეს ქარხანა წაართვეს მას ქართველმა კრიმინალებმა, ჯანგველაძეებმა… რადგან ქართველი ვარ, მოეწონა სერგეის ეს აზრი რომ დავლაპარაკებოდით და ლევანს დავკონტაქტებოდით სკაიპით. დავეკონტაქტეთ. ლევანს ვთხოვეთ წყნარად, თუ გაითვალისწინებდა, ქართველი რომ ვიყავი. შეხვედრის ადგილი დაგვითქვეს. მე და სერგეი მივედით შეხვედრის ადგილას. ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გადაგვიარეს ზედ. ჩაგვყარეს მანქანაში და სადღაც ჩამოგვყარეს. შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქიდან წამოვედი, ცოტა ხანში კიდევ გავჩერდი უკრაინაში და წამოვედი საქართველოში…
მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. რაც მესმოდა ყველაფერი კარგი მესმოდა, ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ სულ კარგი მესმოდა. მაგრამ მე ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. ადამიანი ძაღლს ჯოხს რომ დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია… შეურაცხყოფილი ვიყავი ძალიან.
ვიცოდი რომ ლევანი ცხოვრობდა პარლამენტის უკან ქუჩაზე. მაქეთ მხარეს რომ მოვხვდებოდი ხოლმე სულ ვათვალიერებდი, დალაპარაკება მინდოდა ლევანისთან. მინდოდა მეთქვა, რომ როგორც შენ მოგვექეცი, საჭიროებას არ წარმოადგენდა. პირდაპირ გეტყვით, ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა… 13 მარტს სერგეი მოვიკითხე. სერგეიმ მითხრა, რომ ლევნს ახლო მეგობარი დაეღუპა საქართველოშიო. მაშინ ვიფიქრე, რომ ლევანი შეიძლებოდა ჩამოსულიყო. სერგეიმ მითხრა, რომ გურამ გოგია არისო და ჭავჭავაძის დასაწყისში უნდა ცხოვრობდესო. 13 მარტს ვიყავი მისული მისამართზე და ვნახე სადაც იყო სამძიმარი. გავიგე, რომ დაკრძალვა უნდა ყოფილიყო 15-ში.
მოკლედ, მივედი სამძიმარზე. თუ მოვიდოდა, მოვიდოდა თუ არა და წავიდოდი სახლში… ველოდებოდი. ტელეფონში ჩავყურებდი, რაღაც თამაში მეწერა და ვთამაშობდი. ამ დროს ლევანის ხმა გავიგონე… მოვიდა, მისამართი მკითხა.
ლევანის ხმა რომ გავიგონე, მაგრად დავიბენი რა და ვუთხარი, არ ვიცითქო. მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ აღელვებული ვიყავი ძალიან და არ მინდოდა კონფლიქტში შევსულიყავი. მეთქი, ავა და რომ ჩამოვა მერე-თქო. ლევანი რომ ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე მაშინ, მერე გავიგე, რომ მეორე ახლდა. რომ დავინახე, სკამზე ვიჯექი და ავდექი ფეხზე. რომ გამოიარა შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა, მე ლევანის მიმართულებით წავედი… ერთი შემოტრიალება შემომხედა, მეც შევხედე და მაგრად დავიძაბე… მეგონა იარაღს ამოიღებდა. თავი ვეღარ გავიკონტროლე რა. მინდოდა დამეჭრა. რომ ამოვიღე იარაღო და გავისროლე, ლევანის არ მოხვედრია… წაიქცა და მე ვუთხარი არ ამოიღო იარაღითქო გესვრითქო და სანამ ამოიღებდა ვესროლე…
ვაპირებდი პოლიციას ჩავბარებოდი. სასტუმროში შევედი, რომ ლევანის შესახებ ინფორმაცია გამეგო, ტელევიზორი ჩავრთე და გავიგე , რომ მოკვდა. მერე წავედი მონასტერში. ვეღარ გავჩერდი და ვაპირებდი ორშაბათს პოლიციას ჩავბარებოდი… ძაან არეული ვიყავი”- თქვა უძილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული. შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.