არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
“რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მინდა, ვთქვა ის, რაც „ტვ ფორმულას“ ჟურნალისტს ვუთხარი: ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი! ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა არათუ შეხვედრა, არამედ ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა რაიმე ტიპის შეხვედრის დაგეგმვაც კი.
გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს არ მქონია არანაირი კავშირი, საერთოდ არც კი ვიცნობ მას და ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. წყაროს გააჩნია აშკარა განზრახვა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი, რადგან ასეთი არ მომხდარა“ – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს “ორმაგ აგენტად” მოიაზრებენ.მათივე ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილთან ორი შეხვედრა შედგა, პირველად ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით, ხოლო შემდეგ ხაბეიშვილი მურთაზ ზოდელავამ ჩაანაცვლა, მათივე მტკიცებით, ორივე შეხვედრას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა.