2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდების გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემხაურება:
“ჯერ სად ხართ, აი, ჯერ სად ხართ?!
მიდი კალა, ბოლომდე ჩაგვაჭირე, ხმის ამომღები მაინც არავინაა!
მიდი, მესამე გოლიც გაგვიტანე”, – წერს მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება, თუმცა შემოდის აბონემენტების სისტემა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთსაათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება.
მისივე ცნობით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
ულიმიტო აბონემენტების გარდა, თბილისში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გახდება 1 ლარი, მომხმარებლებს კი მისი გამოყენება ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში.
როგორც კალაძე ამბობს, აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სალაროებსა და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვა.
რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, მერის თქმით, 20 თეთრით მგზავრობა შეეძლებათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს, პენსიონერებს, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურებს და სხვა.
ასევე შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.
