თბილისის საქალაქო სასამართლოში აკადემიკოსის, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მისი თქმით, ის აქციის დაწყებიდან ბოლომდე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა ადამიანებს.
“მე არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე, კითხვაზე, ვიყავი – ყოფნით ვიყავი, მეორე კითხვაზე – რას ვაკეთებდი, დანაშაული არ ჩამიდენია.. რაიმე ქმედითი ისეთი არაფერი ჩამიდენია, ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან ბოლომდე, მე იქ ჩავატარე პირველი სამედიცინო დახმარებები.. დღეს რომ იყოს იგივე მდგომარეობა, დღესაც იგივეს ჩავატარებდი. ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ვემხრობი თუ არა ევროპულ სტანდარტებს, დიახ, ვემხრობი და აქციაზე ვიყავი, მაგრამ ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია,” – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
დაკავებულ ექიმთან ერთად სასამართლოში კიდევ ერთი პირის გიორგი მულაძის აღკვეთის ღონისძიებას განიხილავენ.
გიორგი მულაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ აქციაზე დედის წამოსაყვანად მივიდა, რომელიც ხეიბარია. მისი თქმით, ტერიტორია რამდენიმე წუთში დატოვა, მას შემდეგ, რაც დედა ნახა და წაიყვანა.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.