1 თებერვლიდან თბილისში ტრანსპორტში თანხის გადახდის სისტემის ცვლილების საკითხს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ეხმაურება:
“თბილისის მერია, ვითომ საბარათე სისტემის შემოღებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასს აორმაგებს, თუ აქამდე 90 წუთიანი მგზავრობა 50 თეთრი ღირდა, 2022 წლიდან ის 1 ლარი ხდება.
პატივცემულო ოპოზიციავ, აი, სად უნდა მივარდეთ და გამოხატოთ პროტესტი, მოქალაქეების ინტერესებზე გამოხატული პროტესტი რომ არ გახასიათებთ პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად.
მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება, გაორმაგება, ეს არის ხალხის წინააღმდეგ მოქმედება”, – წერს გამზარდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება. ახალ წესებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
“ულიმიტო გადახდის სისტემა ხელს უწყობს თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას და ამავდროულად მგზავრობა უიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხარებლებს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად რამდენჯერმე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ საზოგადოების მთელი რიგი ჯგუფები. ეს არის სისტემა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანპსორტის განვითარებას, ახალ, თანამედროვე ეტაპზე გადაყვანას და ეს ყველაფერი აპრობირებულია ევროპაში და ჩვენ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოგვაქვს. ეს არის ფორმა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ყველა განვითარებული ქვყენების დიდ ქალაქებში განახორციელეს წარმატებით”, – განმარტა კალაძემ.
რაც შეეხება ფასებს, კალაძის განმარტებით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.
ულიმიტო აბონემენტების გარდა, კალაძის განცხადებით, თბილისში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გახდება 1 ლარი, მომხმარებლებს კი მისი გამოყენება ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში.
დღემდე მოქმედი სისტემით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსებით – გადაადგილება ღირს 50 თეთრი და შემდეგი მგზავრობა ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტიში არის უფასო. ყვითელი მიკროავტობუსებით გადაადგილება 80 თეთრი ღირს და შეღავათის სისტემა აქ არ მოქმეებს.
კალაძის თქმით, აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სალაროებსა და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვა.
რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, კალაძის თქმით, 20 თეთრით მგზავრობა შეეძლებათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს, პენსიონერებს, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურებს და სხვა.
ასევე შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.
