შალვა პაპუაშვილი დაკავებული ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონსაწინააღმეგო ქმედებები ასაკითა და პროფესიით ვერ გამართლდება და ვისაც ეყო სითამამე სახელმწიფოს წინააღმდეგ წასულიყო მაშინ პასუხის გებაც მოუწევს.
„მამუკა ხაზარაძის მორალთან შეიძლება შედარება, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდოდა ისე, რომ სულ მოგებაში ყოფილიყო და გარანტიას ითხოვდა, რომ თუ პორტს მოგება არ ექნებოდა, ფულს ბიუჯეტიდან დავუმატებდით. უნდოდა ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელშიც წაგება გამორიცხულია და მხოლოდ მოგება უნდა ყოფილიყო.
ზუსტად ასე ჩანს მათი რეაქციები – თითქოს სახელმწიფო გადატრიალების ბოლოს თვითონ უნდა დარჩენილიყვნენ მოგებულები. ისინი, ვინც სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობაზე მიდიან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების ჩავარდნილ დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება.
ქვეყნის დამამხობლებს მხოლოდ ერთი შედეგის იმედი ჰქონდათ, რომ ამ ქვეყანას დაამხობდნენ – ეს არ გავა! იმაზე გათვლა, რომ მხოლოდ მოგებული დარჩებოდნენ, სწორი არ არის. შესაბამისად, იღებენ კიდეც პასუხს ამ ყველაფერზე.
ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩავარდა ხელისუფლების დამხობა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა მოჰყვება. ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი], რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა რომ იქ შესულიყვნენ,
იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ – არავის ჰქონდეს იმედის იმისა, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა! მით უმეტეს, როდესაც ადამიანს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, როდესაც რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობის სითამამეც უნდა გქონდეს.
პროფესია ყველას აქვს – ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც! პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ ვერ მოხდება – გაუგებარია ეს რა მორალია.
ცხადია, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, დაიწყო ამ მოწოდების აღსრულება – პირდაპირ ეთერში ვნახეთ ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
თუკი იმის სითამამე ეყოთ, რომ 4 ოქტომბერს, 4-საათზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, კეთილი ინებონ და იმის სითამამეც ეყოთ, მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარუმატებლად დამამხობლებს ეკისრებათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.