ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 54 წლის იუბილეს ულოცავს:
“მიშა გილოცავ, ჯანმრთელობას, თავისუფლებას, შენს საყვარელ სამშობლოში ღრმა სიბერემდე ცხოვრებას გისურვებ – დანარჩენი შენ იცი… კოლაჟში სადაც შენი ეპოქის მნიშვნელოვანი მომენტებია ჩემი ხმაც ისმის, რა კარგია რომ მოვესწარი ამ ეპოქას და ამ დიდი გარდატეხის, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილეც ვარ.
ფიზიკურად უნდა გაუძლო და გადარჩე ამ ბრძოლაში. ჩემთვის დღესავით არის ნათელი რას იტყვის შენზე შთამომავლობა.
#FreeSaakashvili #თავისუფლებამიშას”, – წერს ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა, მისი მხარდამჭერი აქციის გამართვამდე, მოქალაქეებს “ფეისბუქის” საშუალებით მიმართა. აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია.
სააკაშვილმა ყურადღება ქუჩის პროტესტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა:
“პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.
გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.
ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო”.
მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
https://mix.metronome.ge/24624-2/
https://mix.metronome.ge/24621-2/