მედავებიან კონსტიტუციურ დამხობას. თუ ვინმემ თავზე დაიმხო კონსტიტუცია, ეს ბიძინა ივანიშვილია, -ამის შესახებ ირაკლი ნადირაძე სასამართლო პროცესზე აცხადებს, რითიც 4 ოქტომრის საღამოს მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
როგორც ნადირაძე ამბობს, საქართველო ეკუთვნის ხალხს და ყველა სტრატეგიული შენობაც ეკუთვნის ხალხს.
“არასოდეს ჩემს ცხოვრებაში პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ. წარმოდგენილ ბრალს არ ვაღიარებ არცერთ ნაწილში. მედავებიან კონსტიტუციურ დამხობას. თუ ვინმემ თავზე დაიმხო კონსტიტუცია, ეს ბიძინა ივანიშვილია, მიიტაცა ხელისუფლება, არავინ აღიარებს მის ლეგიტიმურობას. განგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა და ეგ ბრალი წაუყენეთ ბიძინა ივანიშვილს ბატონო პროკურორებო.
ტიტუშკები და მოძალადეები ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. გვინახავს მათი ძალადობა, პარტიების ოფისების დარბევა. არცერთი ეს საქმე არ გამოძიებულა და პასუხისგებაში არავინ მიცემულა. ვხედავდით ჟურნალისტებზე ძალადობას. არცერთი ადამიანი გამოკითხულიც კი არ არის.
საქართველო ეკუთვნის ხალხს და ყველა სტრატეგიული შენობაც ეკუთვნის ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ შენობებში სხედან ხელისუფლების მიმტაცებელი მაღალჩინოსნები, რომლებიც იმით არიან დაკავებულები, როგორ მოიპარონ და იცხოვრონ ხალხის ხარჯზე, მათ შორის, ამ პოლიციელების ხარჯზე. სტრატეგიული შენობების დაკავებაზეც ბრალი წაუყენეთ ბიძინა ივანიშვილს.
არსად გაქცევას და დამალვას არ ვაპირებ. თუ სადმე ვინმეს უნდა, რომ წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. პატიმრობას დიდი სიმშვიდით მივიღებ, რადგან რეჟიმს ჰყავს ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე სიმპათიური სინდისის პატიმრები, მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის.
მადლობა ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. არ ნებდებიან და დარწმუნებული ვარ, მალე გამარჯვება მათ მხარეს იქნება. ამ ქვეყანას აქვს ყველაფერი, რომ შევძლოთ და ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. აქ მყოფ ადამიანებს დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ. ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველო” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათ.
