“ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” 4 ოქტომბრამდე ყველას შეახსენა, რომ მეტი რესურსი ჰქონდათ “მოზალადეების, დამნაშავეების ამოსაცნობად, შესაბამისად ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს”.
ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა, რაც იყო გარედან მხარდაჭერილი. მათ შორის ვიხილეთ საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც. ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე და მერვე მცდელობებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა. გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი,” – განაცხადა კობახიძემ.