პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ არჩეული გზა ყველაზე სწორი იყო, ხოლო ყველა რეგინში “ქართული ოცნების” კანდიდატის “გამარჯვება” სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტმა განაპირობა.
“2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. რიგი პარტიების, თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამუდმებული მოწოდება-აგიტაცია, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინა არ დაეფიქსირებინათ თავისი საპროტესტო ხმა არჩევნებზე, პირდაპირ მოემსახურა „ქართული ოცნების“ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებისა და მერების დონეზე. შედეგად დღეს ქვეყნის დედაქალაქს ჰყავს ქალაქის 20%-იანი მერი!
დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ყოველთვის გადიოდა საარჩევნო ბრძოლასთან ერთად მშვიდობიან პროტესტზე, იყო ყველაზე სწორი პოზიციონირება და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, მათ შორის, უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ პარტიაში.
“ლელო” წერს, რომ მათ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოპოვებულ ხმათა რაოდენობა გააორმაგეს.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო-ლელო“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაჩვენებელი გააორმაგა და გაყალბების მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე 100 000 – მდე ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით.
„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მშვიდობიან პროტესტს. აქვე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მშვიდობანი პროტესტი მაინც გაგრძელდა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერი“, – წერს პარტია.
“ლელოში” ასევე განაცხადეს, რომ ისინი “საშტაბო რეჟიმში რჩებიან”, რათა დაუპირისპირდნენ ქვეყანაში არსებულ “ორპოლუსიანობას” და ამგვარად მოსახლეობას “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” მიღმა “რეალური პოლიტიკური ალტერნატივა” შესთავაზონ.
“ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში, რაც ივანიშვილის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაჩენილმა საარჩევნო ნიჰილიზმმა გამოიწვია.
ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამისათვის, ვიწყებთ რეგიონებსა და დედაქალაქში ჩვენს ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას. ვრჩებით საშტაბო რეჟიმში, რათა მოვახდინოთ ძალთა სრული კონსოლიდაცია და კიდევ უფრო ქმედითად დავუპირისპირდეთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორივე პოლიტიკურ პოლუსს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ორპოლუსიანობაზე დგას სწორედ ივანიშვილის რეჟიმი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ე.წ. ქოც-ნაცური ორპოლუსიანი ველის გარდა, არსებობს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს პროევროპელი მოსახლეობის 80 %-ის ნებას და შესწევს უნარი პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში აღების. სწორედ ამიტომ გახდა „ძლიერი საქართველო-ლელო“ ამ ორი ძალის სამიზნე“, – განაცხადეს პარტიაში.