საქართველოს საპატრიარქო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი. არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოს დააკომპლექტებს.