თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, მაშინ „ჰამასის“ წინააღმდეგ დაიწყება ისეთი ჯოჯოხეთი, როგორიც აქამდე არავის უნახავს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„შეთანხმება „ჰამასთან“ უნდა დაიდოს კვირას საღამოს 18:00 საათამდე, ვაშინგტონის დროით. ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი [ამ შეთანხმებას]! თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება არ შედგება, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისეთი ჯოჯოხეთი დაიწყება, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მაინც დამყარდება, ასე იქნება თუ ისე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა. გეგმის მიღების შემთხვევაში, ომი დაუყოვნებლივ შეწყდება და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
გეგმის ძირითადი პირობები შემდეგია:
საომარი მოქმედებების შეწყვეტა: თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი მყისიერად დასრულდება, შეჩერდება ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა.
ღაზის სტატუსი: ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას.
მოსახლეობის თავისუფლება: არავინ იქნება იძულებული დატოვოს ღაზა, ხოლო ვისაც წასვლა სურს, შეეძლება ამის გაკეთება და თავისუფლად დაბრუნება.
ეკონომიკური აღდგენა: შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად.
მძევლების გათავისუფლება: ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა დარჩენილი მძევალი – ცოცხალი თუ გარდაცვლილი – უნდა დაბრუნდეს.
პატიმრების გაცვლა: ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობაში მყოფ 250 პატიმარს, ასევე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულ 1,700 ღაზის მცხოვრებს.
მშვიდობიანი თანაარსებობა: აშშ შექმნის დიალოგის ფორმატს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკურ ჰორიზონტზე.
საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები: აშშ იმუშავებს არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა შეიქმნას დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა ღაზაში დაუყოვნებლივ განლაგებისთვის.
ამნისტია „ჰამასის“ წევრებისთვის: „ჰამასის“ ის წევრები, რომლებიც მიიღებენ მშვიდობიანი თანაარსებობის ვალდებულებას და იარაღს დაყრიან, ამნისტიით ისარგებლებენ.
მმართველობა: „ჰამასი“ და სხვა დაჯგუფებები თანხმდებიან, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზის მმართველობაში, არც პირდაპირი, არც ირიბი ან რაიმე სხვა ფორმით.
ჰუმანიტარული დახმარება: დახმარების შესვლა და განაწილება გაეროს საშუალებით, ორივე მხარის ჩარევის გარეშე წარიმართება.